ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ

2017 წლის 23 აგვისტო

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №53

2017 წლის 11 აგვისტო, ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის
განთავსების რეგულირების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მეორე პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირებასთან დაკავშირებით:
ა) საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებისათვის განისაზღვროს ადგილები დანართის შესაბამისად;
ბ) დანართით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ობიექტების გარდა სააგიტაციო მასალა შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე შეიძლება გამოიფინოს მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

2. ამ განკარგულებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცულ იქნას წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილით.

3. ამ განკარგულებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით.

4. ამ განკარგულებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).

5. ამ განკარგულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, განკარგულებით დამტკიცებული დანართით განსაზღვრულ ადგილას საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს ერთი ცალით.

6. აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

7. ამ განკარგულების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივნისის N30 განკარგულება.

9. დაევალოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების თაობაზე ინფორმაცია, გამოაქვეყნოს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში - გაზეთში „ამბროლაურის მოამბე“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.ambrolauri.ge.

10. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

11. ეს განკარგულება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნების დანიშვნის დღიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები