ბუნებრივი რესურსები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უმთავრესი ბუნებრივი რესურსი მისი ბუნება და ჰავაა, რაც განაპირობებს დამსვენებელთა დიდი ნაკადის მოდინებას ზაფხულის პერიოდში, მნიშვნელოვანია ტყისა და წყლის რესურსები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 50%-მდე ტყითაა დაფარული, რომლიდანაც განირჩევიან ძვირფასმერქოვანი ტყის ჯიშები.

რაც შეეხება წიაღისეულ სიმდიდრეებს, მუნიციპალიტეტი ისევე როგორც მთლიანად რაჭის რეგიონი მდიდარია იშვიათი წიაღისეულით, კერძოდ აქ მოიპოვება:

დასახელება განლაგება რაოდენობა (ათასი ტ.)
რკინა შაორის (სინდერიტი 218)  72,000
მანგანუმი ბაჯი, ზედა შავრა 2,180
დარიშხანი ურავი, ლუხუნი 223
სტიბიუმი ქაჯიანი, ჩადუანი 6.6
მაგნური ქანები (ბაზალტი) ზედა შავრა 107
კირქვები ამბროლაური, ხოტევი, ზნაკვა 7,251
ქვა-ღორღი ჟიშხაი, ნაქერალა 440.2
საკირე ქვები ცახი 400
სააგურე თიხები მუხლი, წესი, პირველი ტოლა, ბაჯი 560
თაბაშირი ჭრებალო, მუხლი წესი 9,981.6

 

წყლის რესურსებიდან აღსანიშნავია შაორის წყალსაცავი (ზედაპირის ფართობია 9,2 კმ2, მაქსიმალური სიმაღლე 14,5 მ, წყლის მოცულობააა 90,6 მლნ.მ3) და მდინარეები რიონი (სიგრძე 327 კმ), შარეულა, რიცეულა (სიგრძე 25 კმ), კრიხულა (სიგრძე 15,2 კმ), ასკი და ლუხუნი. წყლის რესურსებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია და იგი მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენს საქართველოს ჰიდროენერგეტიკისათვის.

რაჭის წყაროები

“რაჭის წყაროები” ერთადერთი ნამდვილად წყაროს წყალია, რომელიც დღეს-დღეობით საქართველოში იწარმოება.
წყაროს წყლები მრავალ მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტს შეიცავს. ჩვენი პლანეტა 67 პროცენტი მარილიანი და მხოლოდ 3 % მტკნარი წყლისგან შედგება. აქედან, ადამიანისთვის ხელმისაწვდომია მტკნარი წყლის 1 % და მხოლოდ მისი მეოთხედს შეიძლება ერქვას სუფთა წყაროს წყალი. სწორედ ასეთი წყალია ,,რაჭის წყაროები.”
თბილისის და მოსკოვის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში ჩატარებულმა წყლის ქიმიურმა და მიკრობიოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ,,რაჭის წყაროები” შეიცავს სიცოცხლისთვის აუცილებელ ყველა მინერალს და თავისი ქიმიური შემადგენლობით და გემოთი მსოფლიოში არსებული სასმელი წყლის ყველაზე მაღალ სტანდარტს შეესაბამება.
,,რაჭის წყაროების” ჩამოსხმა ხდება რაჭის ერთ-ერთ ისტორიულ სოფელ ხოტევში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). ამ სოფელში უხსოვარი დროიდან მოედინება წყაროს წყალი “ნასხვეტა”, რომლის ანტიალერგიულ თვისებებზე მრავალი ლეგენდა გადაეცემოდა თაობიდან თაობებს.
აღსანიშნავია, რომ წელიწადის ოთხივე სეზონის დროს “ნასხვეტას” წყლის მარაგი თითქმის არ იცვლება. წყლის დებეტი დღე-ღამეში 240 კუბურ მეტრს შეადგენს. წყალი ისე ღრმად მიედინება რაჭის მთის ქანებში, რომ მასში ვერ აღწევს ზედაპირული წყლები და იგი არასოდეს იმღვრევა. სწორედ ამ წყაროსთან აშენდა 2000 წელს “რაჭის წყაროების” ჩამოსასხმელი ქარხანა. წყლის ჩამოსხმას ხელმძღვანელობს შპს “პროგრესი-2000.” პირველი პროდუქცია საწარმომ 2001 წელს გამოუშვა. კომპანია “რაჭის წყაროებს” ასხამს PET ბოთლებში, მოცულობით: 0,5ლ; 1,5ლ; 5ლ და 20 ლ. ქარხანა აწარმოებს აგრეთვე 0,5ლ-იან პროდუქციას: “ფიტნესი” და საბავშვო “დუდუ.”
ხოტევში მდებარე წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტიპის, უახლეს საწარმო და ლაბორატორიული ტექნიკით. იმისთვის რომ წყალმა არ დაკარგოს ანკარა წყაროს ნამდვილი გემო და ბუნებრივი თვისებები, საწარმოში წყლის დამუშავება არ ხდება ოზონით. თუმცა წყალი გადის რამდენიმე სახის ფილტრაციას და იონიზაციას, რათა “რაჭის წყაროები” დაცული იყოს ყოველგვარი მავნე შემცველობებისგან.
“რაჭის წყაროებმა” რამდენჯერმე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, მათ შორის, 2004 და 2005 წელს ვერცხლისა და ოქროს მედლები ეკოლოგიურად სუფთა წყლების საერთაშორისო გამოფენებზე.
ხოტევში აშენებულ წყლის ჩამოსასხმელ ქარხანაში 33 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული: ხოტევიდან, თლუღიდან, ამბროლაურიდან და კრიხიდან. ყოველთვიურად საწარმო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მნიშვნელოვან თანხას, 11 ათას ლარს რიცხავს.
მიუხედავად კომპანიის ხანმოკლე არსებობისა, “რაჭის წყაროები” უკვე საკმაოდ ცნობილია საქართველოსა და უცხოეთში. კომპანია სამართლიანად ამაყობს, რომ მათმა პროდუქციამ სახელი გაუთქვა რაჭას და სოფელ ხოტევს.

ამავე კატეგორიაში









 

ბოლო განახლებები